პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, კონკრეტული სოციალური მოთხოვნებიც აქვთ - შევიდეს ცვლილებები შრომის კოდექსში და პანდემიის პირობებში თითოეულ ოჯახს გადაეცეს 5 000 ლარი.
აქციის მონაწილეებმა ბათუმში დაკავებული დემონსტრანტების მხარდასაჭერად საკანონმდებლო ორგანოსთან ბუშტები მიიტანეს და ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ ჯებირზე დაამაგრეს.
"არა გაყალბებულ არჩევნებს და არა ხელისუფლებას. ეს არის სიმბოლო იმის თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება ბუშტებით პროტესტის გაკეთებას და როგორ ეშინია ბუშტების", - განუცხადა ფორმულას აქციაში მონაწილე თავისუფალი საქართველოს წევრმა, გოგი წულაიამ.
საკანონმდებლო ორგანოს გარდა, "ბუშტების აქცია" შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაცაა. აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას წევრები მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება და ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომაა.
რამდენიმე დღეა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდებ მომიტინგეებს აკავებენ. 2 დეკემბერს ორგანიზაცია იმოქმედემ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი - "ნუ გეშინია ბუშტების" გამართა, სადაც პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.
ერთ-ერთი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება ჰელიუმის ბუშტების გაშვების გამო მოხდა. ამას უარყოფს აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი. ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეების დაკავება არა ბუშტების გაშვებას, არამედ "პოლიციასთან დაპირისპირების მცდელობას" უკავშირდება.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.