ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა მამაკაცის სავარაუდო წამების ფაქტს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ და ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები სისტემურ ხასიათს ატარებს. მათივე თქმით, კრიმინალის ზრდა და დაუსჯელობის სინდრომი მმართველი პარტიის პოლიტიკას პირდაპირ უკავშირდება.
"ესაა ხელისუფლების ნება და დირექტივა სამართალდამცველებისადმი. ხელისუფლება, რომელიც კრიმინალთან თანამშრომლობს, ვალდებულებაც აკისრია კრიმინალთან. ამიტომ არაფერია გასაკვირი", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ლევან სამუშიას თქმით კი, სამართალდამცველები ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს, ამიტომ ვითარება საგანგაშოა.
"როცა ასეთი პოლიტიკური დავალებების მომსწრენი ვართ, შემდეგ სამართალდამცველების უფლებამოსილების გადამეტებას, ბუნებრივია, ხელისუფლება ხელს აფარებს. ამიტომაც ვხედავთ, როგორი ხშირია მსგავსი ფაქტი", - აღნიშნა სამუშიამ.
მოქალაქის თქმით, სამართალდამცველებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულმა დეტალებზე მედიასთან საჯაროდ ისაუბრა.