logo
ENG



ხელისუფლება იმუშავებს პრესინგით - პარლამენტის პიკეტირება გრძელდება

29 ნოე 201907:29
3 წუთის საკითხავი
 
hl7otgyi6m1gdfd.png

ხელისუფლებას დისკომფორტს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები დღესაც შეუქმნიან. პროტესტის მონაწილე ადამიანები პარლამენტის გარშემო, სხვადასხვა ადგილებში გადანაწილდებიან და 10:00 საათიდან პარლამენტის პიკეტირებას შეეცდებიან. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები სწორედ ამ დროს უნდა გამოჩნდნენ, რადგანაც 10:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული. უკვე 12:00 საათისთვის კი საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა განახლდება. უმრავლესობის წევრებს შენობაში შესვლა კვლავ ხმაურისა და  შეძახილების ფონზე მოუწევთ. რამდენიმე საათში გაირკვევა, რა ახალ ხერხს მიმართავს და ამჯერად რას მოიფიქრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მშვიდობიანი მოქალაქეების შესაჩერებლად.

„ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს არ შეასრულებს.

„პიკეტირებას გავაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში და ხელისუფლება იმუშავებს პრესინგით, მანამ სანამ არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემის აზრით ქვეყნისთვის არის საჭირო“,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრები, მასშტაბურ აქციას დეკემბრის დასაწყისში, სასესიო კვირის დასაწყისში აანონსებენ, მანამდე კი ისინი პარლამენტის პიკეტირებას აგრძელებენ.

„ჩვენ ვიყენებთ მშვიდობიანი და არაძალადობრივი სამოქალაქო პროტესტის სხვადასხვა ხერხს, ერთ-ერთი ნაწილია პიკეტირება საკანონმდებლო ორგანოსი, 10:00 საათზე პიკეტირება იქნება. დიდი აქცია იგეგმება უკვე სასესიო კვირა როცა გაიხსნება, დეკემბრის დასაწყისში“,-განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.


close დახურვა