logo
ENG



ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ პირველად თალიბებმა საჯარო სიკვდილით დასჯა მოაწყვეს

08 დეკ 202210:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/08/pxyun727hha6adv.jpg

ავღანეთში, თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად განხორციელდა საჯარო სიკვდილით დასჯა. ამის შესახებ BBC წერს.

მკვლელობისთვის გასამართლებულ კაცს მსხვერპლის მამამ სამჯერ ესროლა. როგორც თალიბანის წარმომადგენლებმა თქვეს, კაცი ფარაჰის პროვინციაში, გავსებულ სტადიონზე მოკლეს. სიკვდილით დასჯას თალიბანის ათეულობით წარმომადგენელი ესწრებოდა.

თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ გასულ თვეში გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოსამართლეებს ავალდებულებს დაეკისრათ სასჯელი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს საჯარო სიკვდილით დასჯას, საჯარო ამპუტაციასა და ჩაქოლვას. თუმცა, ზუსტი დანაშაულები და შესაბამისი სასჯელები თალიბანის მიერ ოფიციალურად არ არის განსაზღვრული.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ლოგარის პროვინციაში სავსე სტადიონის წინაშე ათეულობით ადამიანი გაროზგეს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თალიბებმა საჯაროდ ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

დაჯგუფების წარმომადგენელი ზაბიჰულა მუჯაჰიდის ამბობს, რომ სიკვდილით დასჯას უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე, სამხედრო მოსამსახურე და მინისტრი ესწრებოდა, მათ შორის იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

თალიბანის განცხადებით, კაცი სახელად ტაჯმირი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, ჰერატის პროვინციიდან არის და ხუთი წლის წინ სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, სახელად მუსტაფა. მოგვიანებით ის სამმა თალიბმა მოსამართლემ გაასამართლა.

განაჩენის აღსრულებამდე გამოქვეყნდა ცნობა ღონისძიების გასაჯაროების შესახებ და "ყველა მოქალაქეს სთხოვდნენ შეერთებოდნენ სპორტულ მოედანზე".

მოკლულის დედა BBC-სთან ყვება, რომ თალიბანის ლიდერები სთხოვდნენ შეეწყალებინა ბრალდებული, მან განაჩენის აღსრულება მოითხოვა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა დასჯის ამ მეთოდის გამო.

"მოვუწოდებთ დაუბრუნდნენ სიკვდილით დასჯის მორატორიუმს", - თქვა პრესმდივანმა სტეფანი ტრემბლემ.


close დახურვა