logo
ENG



ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორი ირინოლა ერისთავი - რას ჰყვება დაზარალებული

26 მარ 202114:39
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი ბერიანიძე, რომელსაც 2015 წელს პოლიციამ ყალბი ანგარიშფაქტურის დამზადებით ათეულობით ათასი ლარის შემოსავლის მიღებაში დასდო ბრალი, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმისწარმოება ქართული ოცნების აგენტ-პროვოკატორის, ე.წ ირინოლა ერისთავის ჩვენების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მას წლების განმავლობაში არაერთ მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობდა. 

ბერიანიძის განცხადებას ამყარებს რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც დადგინდა, რომ ირინოლა ერისთავს, რომლის ნამდვილი სახელი თამარ ჭანიშვილია, პროკურატურის მიერ აღძრულ 50-მდე საქმეში აქვს მოწმის სტატუსით მონაწილეობა მიღებული. რადიო თავისუფლების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების მიხედვით, ჭანიშვილის ჩვენების შედეგად საპატიმროში 8 პირი აღმოჩნდა. 

"მან შემომთავაზა ზუსტად ეს ყალბი დოკუმენტაცია და ამ სიყალბეზე რომ არ გავყევით, ჩვენი ჩართვა მოხდა უკვე კანონის ფარგლებში", - უყვება ბერიანიძე ფორმულას, - "მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ეს დაუდეს [საქმეს] საფუძვლად". 

მიუხედავად იმისა, რომ ბერიანიძემ პროკურატურას არაერთი დოკუმენტაცია და ინფორმაცია მიაწოდა თამარ ჭანიშვილის აგენტური საქმიანობის შესახებ, პროკურატურამ საქმის ფარგლებში ამ მიმართულებით ძიება არ დაიწყო, თავად ბერიანიძე კი სამივე ქართულმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო. 

საბოლოოდ, ბერიანიძემ სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. ნაციონალური მოძრაობის წევრი კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევას დავობს - მათ შორის აცხადებს, რომ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები დაირღვა. 

თავად ჭანიშვილი, იგივე ირინოლა, რადიო თავისუფლების გამოძიების მიხედვით, აგენტ-პროვოკატორის როლს არაერთ საქმეში ასრულებს. მედიაგამოცემა ჭანიშვილის საქმიანობის პროფილსაც განმარტავს. 

"მსხვერპლს სოციალური ქსელით ეცნობა და ეს გაცნობა უმრავლეს შემთხვევაში ინტიმური ურთიერთობით გრძელდება; ნდობის მოპოვების შემდეგ ახალ ნაცნობს ფულის შოვნას თავად სთავაზობს.

სხვადასხვა საქმეში ფულის შოვნის სხვადასხვა გზაზეა საუბარი. რამდენიმე მსხვერპლი თანხის აღებაზე არ დათანხმდა, თუმცა ირინოლამ ფული მსხვერპლის ავტომანქანაში ან ოთახში დადო, რაც მათ დასაპატიმრებლად საკმარისი აღმოჩნდა", - ვკითხულობთ გამოცემის სტატიაში. 

ბერიანიძე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს მთლიანად მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ის ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც ის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი იყო, სახელისუფლებო მხრიდან არაერთხელ შეუთვალეს სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუმცა ბერიანიძემ თანამდებობა არ დატოვა. 


close დახურვა