logo
ENG



ხელისუფლების ინიციატივა კომპრომისულია - ქართული ოცნება დათმობაზე წასვლას არ აპირებს

21 თებ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდი ოპოზიციის დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და ოპონენტებს მათი განცხადებების გამო აკრიტიკებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის, თუმცა ინიციატივის - 100/50-ზე შესვლას არ აპირებს.

„მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული იქნა მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მეტად პროგრესულ და უკეთეს მოდელს. ვგულისხმობ 100/50-ს. ველოდებით მათ პასუხს. რეალურად პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა ოპოზიციის მხრიდან ყველა ის განცხადება, რომელიც უკავშირდება მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დაჯდომას. ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ მენტალიტეტზე და ხაზს უსვამს იმას, რომ მათთვის ვიწრო პარტიული ინტერესი არის პრიორიტეტი და არა ეროვნული ინტერესი", - ამბობს მათიკაშვილი.

"ქართული ოცნების" ინიციატივას კომპრომისულს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი რატი იონათამიშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი გაგრძელდეს. 

"ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეთავაზება არის კომპრომისული. მაღალი პასუხისმგებლობით ვუდგებით მოლაპარაკების პროცესს. მნიშვნელოვანია დიალოგი გაიმართოს 100/50-ზე მოდელის ირგვლივ. თუ ოპოზიცია გაემიჯნება ამ პროცესს ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება", - განაცხადა იონათამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარიპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. 

მოგვიანებით დაიგეგმა ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, რომელიც თებერვლის დასაწყიში უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ოპოზიციამ დიალოგზე უარი განაცხადა.

 

 

 


close დახურვა