ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, ახლობლებისა და მეგობრების ნაცვლად, 2 დეკემბრის სხდომას მედია დაესწროს.
"გზავნილი აქვს, მისი თხოვნით... მიუხედავად იმისა, რომ თავისი მეგობრების და ახლობლებს ნახვა ძალიან უხარია პროცესზე, ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანებს, რომლებსაც გიწევთ 2 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქება, მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება, დაესწროს სხდომას. ის მოხარული იქნება, თუკი მედიის წარმომადგენლებთან ერთად წარსდგება პროცესზე და შეეცდება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას", - თქვა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.
პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, მათ ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, გადაიყვანენ თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწროს.