logo
ENG



ხერხეულიძე: სააკაშვილის სიტყვებია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩასატარებელი გვაქვს

02 ნოე 202116:28
3 წუთის საკითხავი
 
ხერხეულიძე: სააკაშვილის სიტყვებია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩასატარებელი გვაქვს

პარლამენტის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვების იდეას კვლავ იზიარებს, ამავე დროს კი, საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულებაზეც საუბრობს. ამის შესახებ ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, ის იმავენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი პოზიცია მისი გახლავთ სწორი, რომ მისმა ფრაქციამ, ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას, მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება, დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს. ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი, და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ მე მაქვს მანდატი საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის. ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ხედავს ძალიან დიდ რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის.

ასევე, მეორე საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით. ეს არის - პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ - ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები. აქედან გამომდინარე, ის რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო, არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ეს ასე იქნება", - განაცხადა ხერხეულიძემ.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. პირველ ნოემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდა, რომ საპარლამენტო მანდატები დაეთმოთ. აღნიშნული განცხადების შემდეგ, მანდატებზე უარი თქვეს ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ და ნონა მამულაშვილმა.

ამავე დროს, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პარლამენტის დატოვების საკითხთან დაკავშირებით პარტიის შიგნით იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ასე მიიღებენ.


close დახურვა