logo
ENG



ხერხეულიძე: სააკაშვილმა თქვა, რომ ასაყვანად მისულმა პოლიციელებმა მასთან სელფები გადაიღეს

03 ოქტ 202118:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/03/gtl439i088j4sbr.jpg

ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხერხეულიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებით აღფრთოვანებულია და მნიშვნელოვნად მიიჩნევს მეორე ტურში გამარჯვებას.

„უპირველესად ჩვენი სასაუბრო თემა იყო გუშინდელი დღე. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო, საერთოდ რა მოხდა გუშინ და რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც გუშინ დადგა, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, მოსყიდვის, შანტაჟის ფონზე როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ იცის, რომ გაცილებით მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი.

მე მას ვკითხე რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ არსებობს ეს კითხვები, რომ როგორ შეუძლია მის გუნდს მეორე ტურში მონაწილეობა, როდესაც ის არის ციხეში. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის წარმოუდგენელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებული ძალისხმევა თხოვა ნიკა მელიას, რომ მან თავისი დიდი მონაპოვარი საბოლოო გამაჯრვებამდე მიიყვანოს". - ამბობს დეპუტატი. 

რაც შეეხება სააკაშვილის დაკავებას, ხერხეულიძის თქმით, ექსპრეზიდენტმა ბევრი იცინა იმაზე, რომ "ხელისუფლების განცხადებით ის თურმე დღენახევარი იმყოფებოდა საქართველოში, ის ამბობს, რომ მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნებოდა თავგანწირვის აქტი მისგან სამშობლოსთვის. ისეთი მხნეა, როგორსაც ვიცნობ მიშას. მას იოლი ცხოვრება არ ქონია, იცის გადასარევად რა ელოდება წინ.

ვერავინ ვერ გაასამართლებს მიშა სააკაშვილს, იმიტომ რომ ობიექტური მიზეზი ამის არ არსებობს, არის პოლიტიკური ნება და ის, რომ კაცმა ჩამოაკითხა საქართველოში და აიძულა ამ ხალხს რომ დაეჭირა ეს მოხდა, დანარჩენს ვერ შეძლებენ ესენი". - ყვება ხერხეულიძე. 

მისივე თქმით, დაკავების დროს პოლიციელებმა სააკაშვილთან ფოტოები გადაიღეს. 

"საუბარს მოჰყვა, ვინმე უხეშად ხომ არ ექცეოდა დაკავების დროს – მან თქვა, რომ ყველა ძალიან კარგად ექცეოდა, ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. მან თქვა, რომ ყველა, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, ყველამ გადაიღო სელფი სათითაოდ, პოლიციელებმა. ეს მიუთითებს როგორი ჩამოშლილია სისტემა”. – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

ეკა ხერხეულიძის თქმითვე სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აგრძელებს.

მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს თქვა რომ საქართველოში ჩამოვიდა, მმართველი პარტია დღის განმავლობაში ამბობდა რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, 1 ოქტომრის საღამოს მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. 


close დახურვა