logo
ENG



ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

30 სექ 202312:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/opv575s4kiva3v4.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა. 

მოქალაქეები ხვალ საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი იხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ამომრჩეველთა რაოდენობის 85,3% მიიღებს. 

"მოვუწოდებთ გორის, კასპის და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები", - თქვა ბრიფინგზე იოსელიანმა.  

მისივე ცნობით, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში, ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. 

"ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე იბეჭდება კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო", - აღნიშნა მან. 

ცესკოს წარმომადგენლის განცხადებით, დანარჩენ 30 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მისივე თქმით, ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და კიბერ ჩარევის საფრთხე არ არსებობს. 

ცესკოს ინფორმაციით, ხვალინდელ რეგისტრირებულია 184 300 ამომრჩეველი, 16 საერთაშორისო, 426 კი ადგილობრივი დამკვირვებელი. იოსელიანის თქმით, პროცესს გააშუქებს მედიაორგანიზაციების 158 წარმომადგენელი, ხოლო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი. 

 


close დახურვა