logo
ENG



ხვიჩია: ივანიშვილი არაა ოლიგარქი, აქვს გავლენა ხელისუფლებაზე, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ

04 ნოე 202214:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/kmpduteag3ppesc.jpg

ომბუდსმენობის კანდიდატი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მისი პრობლემა იყო ერთპიროვნული მმართველობა".

ხვიჩიას თქმით, ტერმინი ოლიგარქს საქართველოში "კონტექსტი არ გააჩნია" და მთავარი პრობლემა ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც მისივე თქმით, ყველას მოსაგვარებელია.

"მე ზოგადად ეს ტერმინი [ოლიგარქი] არ მომწონს, არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება რუსეთში კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად, ასევე უკრაინაში ჰქონდეს რაღაც კონტექსტი, მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, კონტექსტი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა, იყო ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ გვყავდა ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძე და ა.შ, არც ერთი ეს ხალხი არ იყო მილიონერი, მილიარდერი და ოლიგარქი, მაგრამ პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის მაშინაც გაგვაჩნდა და ახლაც გაგვაჩნია, ამიტომ არასწორი სახელის შერქმევა ამ პრობლემაზე, ოლიგარქის შერქმევა, არასწორია - ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა და ეს პრობლემა ყველას მოსაგვარებელია, მათ შორის ქართული ოცნებისაც", - თქვა ხვიჩიამ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის კითხვაზე, აქვს თუ არა დღეს ბიძინა ივანიშვილს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, ხვიჩიამ უპასუხა, რომ "რასაკვირველია, აქვს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს".

"რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ხელისუფლებაზე და ზოგადად, მთავარი ლეგიტიმაციის წყაროც ამ ხელისუფლების არის ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რა, არ იცით თქვენ რომ ეს ასეა? არ იცის ამომრჩეველმა როცა არჩევნები ტარდება, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია? რა, მას არ აძლევენ ხმას? შესაბამისად, ვაკრიტიკოთ ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, არასწორია ჩემი აზრით. ჩვენ თუ გამარჯვება გვინდა, მაშინ უნდა შევქმნათ იდეა, რომელიც ივანიშვილის იდეას, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, აჯობებს", - თქვა ხვიჩიამ.


close დახურვა