logo
ENG



ხვიჩია: პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს მიშელის დოკუმენტის საწინააღმდეგო ცვლილებებს კოდექსში

29 აპრ 202122:43
3 წუთის საკითხავი
clock 2273
ხვიჩია: პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს მიშელის დოკუმენტის საწინააღმდეგო ცვლილებებს კოდექსში

გირჩის ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს. ამაზე ხვიჩია ფეისბუქის გვერდზე წერს და მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პოლიტიკური მოლაპარაკების მონაწილეს, ამის ვალდებულება აქვს. 

"პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მას, როგორც მოლაპარაკების მონაწილეს და მასპინძელს, ამის მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც", - წერს იაგო ხვიჩია.

დღეს, 29 აპრილს კენჭისყრაში მონაწილე 84-ვე დეპუტატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს.

ცვლილებებით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED) გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ შეცვლილი მუხლები ხშირად რეპრესიულ მექანიზმად გამოიყენება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭიროა კოდექსის საფუძვლიანი რეფორმა, რაც ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვის უზრუნველყოფს.

კოდექსის ცვლილებას გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოც. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

საელჩოში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია. ინიციატორები არიან: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.


close დახურვა