logo
ENG



ხვიჩია: წავალ სტადიონთან და თამაშს ვუყურებ, მაინტერესებს შემდეგ როგორ დამაჯარიმებენ

11 ნოე 202014:40
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/11/aelttcgoh0kn9lb.jpg

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ის საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე სტადიონთან მისვლას აპირებს. ხვიჩიას თქმით, თუ სტადიონთან დიდი ეკრანი არ იქნება, თამაშს ტელეფონით უყურებს. ხვიჩია მიიჩნევს, რომ გადაადგილების შეზღუდვაზე მთავრობის შემოღებული კანონი აბსურდულია და ამის გამო არ აპირებს, რომ ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესს თამაშს სახლში უყუროს.

გირჩის ლიდერი იმედოვნებს, რომ სტადიონთან ქართველი გულშემატკივარი დიდ ეკრანს დააყენებს.

"ძლივს გული მომიბრუნდა ამათზე. მე წავალ და ვუყურებ თამაშს სტადიონთან. ტელეფონითაც რომ მომიწიოს ყურება, ვუყურებ. მაინტერესებს, შემდეგ როგორ დამაჯარიმებენ. ვიცი, რომ გირჩიდანაც მოდის რამდენიმე ადამიანი. ეკრანს მე არ "ვჩალიჩობ", მაგრამ მივდივარ სტადიონთან. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქ ეკრანი იქნება, გჯეროდეთ ქართველი გულშემატკივრების. იქ ხალხი იქნება და ვნახოთ, როგორ დააჯარიმებენ ადამიანებს. თუ ნაკრებმა წააგო, ეს მთავრობის აბსურდული კანონის ბრალიც იქნება", - აცხადებს ხვიჩია.

12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. დაპირისპირება ერთრაუნდიანია და დინამო არენაზე გამარჯვებული 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. მატჩი 21:00 საათზე იწყება და სულ მცირე, 22:45 საათამდე გაგრძელდება.

გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით დააწესა, რომელიც 10 ნოემბრიდან ამოქმედდა. კანონის დამრღვევი ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება. 

 

 


close დახურვა