logo
ENG



ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭის ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს

13 სექ 202323:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/13/apmdl0cs8gynqfr.png

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცახდებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიის, სამონადირეო მეურნეობა შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.

"განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად არსებულ ტერიტორიაზე შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში", - აღნიშნულია განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანიას ამ დრომდე არ წარუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ა

მბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა, ხოლო მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.


close დახურვა