logo
ENG



ხმალაძე: ჩვენი მიზანია, შევქმნათ სისტემა, სადაც საზ. ტრანსპორტს უფრო აქტიურად გამოიყენებენ

22 დეკ 202115:48
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მათი მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო აქტიურად გამოიყენებენ. ამასთან, ხმალაძე ამტკიცებს, რომ ახალი სისტემით, გრძელვადიანი აბონიმენტის შეძენისას, ძველ ტარიფთან შედარებით, ტრანსპორტის ფასი გაიაფდა. 

"მომხმარებელს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლისთვის, უმეტეს შემთხვევაში, სჭირდება რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა. თუ აქამდე ცალ-ცალკე ვიხდიდით, ახლა გადავიხდით ერთხელ.

შეიძლება, მოძებნოს კონკრეტული კატეგორია მგზავრების, სადაც 50 თეთრი იყო საკმარისი, მაგრამ მე შემიძლია, მოგიძებნოთ ძალიან ბევრი კატეგორია მგზავრების, სადაც 1,30 თეთრი ჯდებოდა. თუ შევიძენთ გრძელვადიან აბონიმენტს, დღევანდელ 50 თეთრთან შედარებითაც კი გაიაფება გამოვა. 

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო აქტიურად გამოიყენებენ", - უთხრა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს. 

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება.

მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. ასევე, ავტობუსით ერთჯერადად მგზავრობისთვის, ბარათის არქონის შემთხვევაში, მგზავრმა ნაღდი ფულის სახით, 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი უნდა გადაიხადოს.

ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში. 

სხვადასხვა ხანგრძლივობის სააბონენტო ბარათის ფასები იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში.

რა ეღირება და როდიდან ამოქმედდება თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო ბარათი


close დახურვა