თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე ეხმაურება სუს-ის მიერ კორუფციის ბრალდებით დაკავებული მერიის თანამშრომლის საქმეს და ამბობს, რომ "ეს არაა პირველი შემთხვევა". მანვე მოუწოდა თანამშრომლებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან.
"ეს არაა პირველი და იმედია უკანასკნელი იქნება. ამის მიუხედავად, ჩვენ კანონის სადარაჯოზე ვართ. მინდა, მთელი ჩვენი სისტემის თანამშრომლებს მივმართო თავის შეკავებისკენ, თუ ვინმეს ასეთი განზრახვა აქვს", - ამბობს მერის მოადგილე.
დღეს, 23 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
უწყების მტკიცებით, ბრალდებულმა მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისა და ჯარიმისგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.