მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვს. რამდენიმე ადგილობრივმა პროტესტის ნიშნად აქციაზე პროდუქტი მიიტანა და გაანადგურა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული და იმის გამო, რომ პროდუქტს ვერ ყიდიან, გადახდას ვერ ახერხებენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ.
„35 ათასი გამოვიტანე და 20 ათასის გამიფუჭდა. ამის იმედზე ვიყავით. რა მნიშვნელობა აქვს კარფურში წავლენ და 15 ლარად იყიდიან კილოს თუ ბაზარში 3 ლარად. რამდენიმეს აქვს კიდე ბანკებიდან სესხი აღებული ყველაფერი გვიფუჭდება“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აქციაზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წევრი აჰმედ იმამყულიევი. ის აცხადებს, რომ მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ მაღალჩინოსნებს აკისრებს.
„ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობას დიდი პრობლემა აქვს, მთელი დღის განმავლობაში ვუყურებთ ამას. სამწუხაროდ არც ჩვენი მერია მოსული. მინდა დავეხმარო მოსახლეობას. ვიცით, რომ სახლში უნდა დავრჩეთ, მაგრამ ეს ხალხი ვერ რჩება და ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიყოთ. თუმცა არ უნდა დავუშვათ, რომ კანონი დაარღვიოს მოსახლეობამ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის კონკრეტულად გუბერნატორი ქვემო ქართლის, მარნეულის მერი და ის პირები, რომლებიც არიან მარნეულში მაღალ თანამდებობზე“, - განაცხადა იმამკულიევმა.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება არ შეასრულა, რამაც პროტესტი გამოიწვია. ისინი შიშობენ, რომ შექმნილი ვითარება ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის და მოსახლეობასთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„ხალხი აპროტესტებს იმას, რომ თვითმმართველობა მათ არ ეხმარებათ სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში და უფუჭდებათ. უთხრეს, რომ დაეხმარებოდნენ, გადაავლეს თვალი პროდუქტს რა მდგომარეობაში იყო და ამის შემდეგ საერთოდ არავითარი დახმარება არ მიაწოდეს“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მივიდა. მან აქციას პოლიტიკური უწოდა, რამაც მოქალაქეების გაღიზიანება და ხმაური გამოიწვია.
„აქ არის დაგეგმილი აქცია პოლიტიკური. საქმეზე ვისაც უნდა ლაპარაკი, მე ვიყავი სოფლებში, მოვაგვარეთ ბევრი პრობლემა. ამათ რა უნდა ველაპარაკო? საქმე არ აინტერესებთ. ამათ პრობლემები არ აქვთ. ეს არის პოლიტიკურად მართული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მარნეულში შექმნილ ვითარებაზე განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში შექმნილია ჰუმანიტარული კრიზისი. მათ ათამდე ოჯახი შეისწავლეს და უმეტესობა ჩივის, რომ პირველადი საჭიროების ნივთებთან, პროდუქტებთან და მედიკამენტებთან წვდომა არ აქვთ. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ მიმართულებით მუშაობა გააძლიეროს.