logo
ENG



ხმაური პარლამენტთან - აქტივისტები მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ

03 იან 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საპროტესტო კარვები დაშალეს და საახალწლო დეკორაციები დადგეს, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ "იქ სადაც ბავშვებს თვალები დათხარეს, ხელისუფლება საზეიმო გარემოს არ უნდა ქმნიდეს".

აქტივისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ფოტოები, ასევე ბანერები: "სიკვდილის კვალს ვერ წაშლით" და სხვა. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე მცირედი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს, ერთ-ერთ ატრაქციონზე 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ფოტოს დატოვება სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

"ეს არის სისხლით მოსვრილი ადგილი. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის ტრაგედიის ადგილი. კარგია, რომ ბავშვების გართობა უნდათ, მაგრამ უამრავი ადგილია თბილისში, სადაც ბავშვებს მიყვანა შეუძლიათ. მადლობა მინდა ასევე გადავუხადო იმ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც უარი თვქეს პარლამენტთან მოსულიყვნენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

მოძრაობა "შეცვლაეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, შვილები პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ატრაქციონებზე არ მიიყვანონ. 

„ჩვენი აქ მოსვლის მიზანია - სოლიდარობა მაჩალიკაშვილს, ასევე იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც აქ მოსვლა არ სურთ, სადაც შვილმოკლული მამა ითხოვს შვილის მკვლელის დასჯას, და ასევე სადაც ბავშვებს თვალები დათხარეს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ მოიყვანენ აქ შვილებს. 31-ში გაშალეს ეს დახლები და დღესაც არ დგანან გარემოვაჭრეები“, - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის დავალებით 30 დეკემბერს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები დაშალეს. აღნიშნულმა ახალ აქციებს მისცა ბიძგი. ადგილზე მივიდნენ პოლიტიკოსები და აქტივისტები, რასაც დაპისიპირებაც და რამდენიმე აქტივისტის დაკავებაც მოჰყვა. მოგვიანებით თავად მალხაზ მაჩალიკაშვილმა გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას მოუწოდა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან შვილები არ მიიყვანონ. 

 


close დახურვა