ხობის რაიონში მცხოვრები პენსიონერები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ახალსოფელში პენსიონერებს შეხვდა. მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში ამბობს, რომ 200-ლარიანი პენსია თვიდან თვემდე არ ყოფნით მედიკამენტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე.
უმრავლესობას კრედიტი აქვთ აღებული გაუსაძლისი პირობებიდან გამომდინარე, პენსიონერები სოციალური დახმარების მოხსნაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა აღდგეს უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებები და გაუმჯობესდეს საპენსიო რეფორმა.
„ჩვენ მომზადებული გვაქვს დაგროვებითი პენსიის რეფორმირების სქემა, რომელიც იქნება ნებაყოფლობითი, არჩევითი და ისეთი, რომელიც ადამიანებს სიბერეში დაუგროვებს ბევრად მეტ თანხას ვიდრე ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მოდელი. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი პირობებისთვის ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობის და პენსიების მომდევნო გაზრდისთვის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.