ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. ზუსტად ორი წლის წინ პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში სკოლიდან გამოსული ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი თანატოლებმა მოკლეს. სარალიძეს 12 ჭრილობა მუცლის, გულმკერდისა და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
ორი წლის შემდეგ ამ დღეს ხორავას ქუჩაზე ზაზა სარალიძის ოჯახი მოკლულ დათუნა სარალიძეს გაიხსენებს. ისინი ფარდულთან, სადაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ყვავილებს და სანთლებს მიიტანენ. ამ ფორმით ისინი მოკლულის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
საქმეში შესაძლო დამნაშავეების გამოვლენას შვილმოკლული მამის ორწლიანი ბრძოლა, პროკურატურისა და შსს-ს 2 ახალი გამოძიება, არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და პარლამენტის საგამოძიებო კომისია დასჭირდა. თუმცა ყველა კითხვას პასუხი მაინც არ გასცემია.
2019 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ დათო სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ჯ. ცნო. განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს კი მიხეილ კალანდია დააკავეს.