logo
ENG



ხოშტარია: 200-ზე მეტ უბანზე შევიტანეთ გადათვლის მოთხოვნა, რაც რადიკალურად შეცვლის სურათს

05 ოქტ 202118:35
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: 200-ზე მეტ უბანზე შევიტანეთ გადათვლის მოთხოვნა, რაც რადიკალურად შეცვლის სურათს

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მხოლოდ მათი პარტიიდან 200-ზე მეტი გადათვლის მოთხოვნაა შეტანილი საოლქოებში, რაც მისივე თქმით, სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.

5 ოქტომბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე ელენე ხოშტარიამ ისაუბრა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო დარღვევებზე, კერძოდ დისბალანსზე ოქმებში და გაბათილებულ ბიულეტინებზე. 

"თბილისის საკრებულო რეალურად ეკუთვნის ოპოზიციას. თბილისის ამომრჩეველმა აირჩია ოპოზიცია. სწორედ იმიტომ, რომ ეს რეალობა დაემახინჯებინათ, ქართულმა ოცნებამ მიიტაცა, როგორც მინიმუმ ის 2 ადგილი და იმდენი პროცენტი, რამდენიც აუცილებელი იყო ამ შედეგის შესაბრუნებლად. 

თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტინების 40%-ში არის დისბალანსი. დისბალანსი ნიშნავს, რომ იქ, რაღაც გააყალბეს და ქაღალდზე ვეღარ დააჯამეს. მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს, რომ უტყუარად, ჩაყრილია ბიულეტინები. ნაკლებობა არის 272 უბანზე, რაც ნიშნავს სომხური კარუსელის უტყუარ მაჩვენებელს, რაც ასევე უმატებს მათ პროცენტს. ასევე ჩვენ გვაქვს 15 026 ბათილი ბიულეტინი თბილისის პროპორციულ ნაწილში. [...] 

200-ზე მეტ უბანზე შევიტანეთ გადათვლის მოთხოვნა. ეს რადიკალურად შეცვლის სურათს არა უბრალოდ ციფრებში, არამედ, თბილისში, თბილისის საკრებულოში. ეს დაგვიმტკიცებს, რომ რეალურად, საკრებულო ეკუთვნის ოპოზიციას. 

"დროას", რომელმაც აიღო 10 ათასზე მეტი ხმა, 1500-ზე ნაკლები ხმა აკლია იმისთვის, რომ გადალახოს ბარიერი. ჩვენ ერთი უბნის გადათვლით აღმოვაჩინეთ, რომ იქ, სადაც წერია 1 ხმა, გვქონია 18 ხმა. წარმოიდგინეთ, რომ გადაითვლება თბილისის ყველა უბანი, რამდენად მეტი ხმა შეიძლება, ამოვიდეს", - აცხადებს ელენე ხოშტარია.  

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 46.68% აიღო, თბილისში - 40.33%. 

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ჯამში 20 ქალაქში გაიმართება


close დახურვა