logo
ENG



ხოშტარია: არანაირი სირცხვილის კოროდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება

16 ნოე 202015:20
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: არანაირი სირცხვილის კოროდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის პასუხად Facebook-ზე წერს, რომ მისგან მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორი არ იქნება. ვარშალომიძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ დადგნენ საარჩევნო უბნებთან და ოცნების მხარდამჭერებს სირცხვილის კორიდორები გაუკეთონ. 

ხოშტარიას თქმით, ადამიანების დაპირისპირება ოცნების ნაღმია და ოპოზიცია მმართველ გუნდს არ უნდა დაემსგავსოს.

"არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც ოცნების ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასთან და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე კიდე, ეს ოცნების ნაღმია, ადამიანების დაპირისპირება, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი სწორედ ამას არ უნდა დავემსგავსოთ! და საერთოდ, არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები", - აცხადებს ხოშტარია.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის თქმით, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არ გეგმავს, აქციები შეწყვიტოს. ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, არ წავიდეს არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. 

ამავდროულად, ვარშალომიძე გამოვიდა სირცხვილის დერეფნის ინიციატივით: 

"ყველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი". - თქვა ვარშალომიძემ.  

მან მოუწოდა მოქალაქეებს, საქართველოს დროშები გადმოფინონ თავიანთი ფანჯრებიდან. ვარშალომიძემ ასევე დააანონსა მომდევნო აქცია ბათუმში - მისი თქმით, ის 22 ნოემბერს გაიმართება. 


close დახურვა