logo
ENG



ხოშტარია: გამოვალთ წინადადებებით, როგორ მიიქციოს საქართველომ საერთაშორისო ყურადღება

23 დეკ 202116:28
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ წამოიწყებენ პროცესს, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებოიოს წამოწევასა და გააქტიურებას შეეხება. ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებასთან დაკავშირებით არის ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის პირდაპირი დეკლარაცია.

როგორც ხოშტარია ამბობს, რუსეთი მიზანმიმართულ პოლიტიკას ეწევა, რომლის ამოცანაც საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფალი არჩევანის ხელყოფაა. მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, ეს საფრთხეები არ არის ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესის ნაწილი და მიაჩნია, რომ ოპოზიცია ვალდებულია, იაქტიუროს.

"ჩვენ დროა წამოვიწყებთ პროცესს საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური, საერთაშორისო მიმართვის, სადაც კიდევ ერთხელ მყარად გავუსვამთ ხაზს, რომ NATO და, ზოგადად, ევროპული არჩევანი არის ჩვენი მყარი არჩევანი და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის. მეორე, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა არის საერთაშორისო დღის წესრიგის აქტიური ნაწილი მაშინ, როცა, მაგალითად, ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, მთავრობის მიღმაც გამოვალთ კონკრეტული წინადადებებით, რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს უკრაინასთან ერთად, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, როგორ შეიძლება გახდეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრალური ნაწილი იმისთვის, რომ საქართველო ამ დაპირისპირებაში იყო უზრუნველყოფილი დასავლეთის მხარდაჭერით.

სამწუხაროდ, ქართული ოცნების პირობებში არანაირი ილუზია არ გვაქვს იმისა, რომ ქართული ოცნება რაიმე სახის კონსოლიდაციას დასავლეთის თემაზე მოახდენს სახელმწიფოში. ამიტომაც ჩვენ წამოვიწყებთ პროცესს, რომელიც ოპოზიციის აქტიურობით მსოფლიოს გააგონებს საქართველოს საზოგადოების ხმას ამ სასიცოცხლო ინტერესების გარშემო", - განაცხადა ხოშტარიამ.


close დახურვა