logo
ENG



ხოშტარია: დაკავებულთა წარმოუდგენლად დიდი სია ხელისუფლების ისტერიკაზე მეტყველებს

10 ნოე 202113:07
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართული აქციებისა და მასშტაბური დაკავებების შესახებ ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გონივრული ტაქტიკით ბრძოლაა, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი და დამქანცველია. 

ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს ამ მშვიდობიან, თუმცა შეუპოვარ ბრძოლას სხვადასხვა ლოკაციაზე რეჟიმისთვის დისკომფორტის შექმნით, რაც საბოლოო შედეგს აუცილებლად მოიტანს. 

ოპოზიციური ლიდერი ამბობს, რომ აქციებზე დაკავებულთა წარმოუდგენლად დიდი რიცხვი ხელისუფლების ისტერიულ მდგომარეობაზე მეტყველებს და  ქართული ოცნება მშვიდობიანი მოქალაქეების ქუჩაში დაკავებით ბელორუსისა და რუსეთის რეჟიმს უახლოვდება. 

"წარმოუდგენლად დიდი არის სია იმ ხალხის, ვინც დღეს დააკავეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ისტერიკაზე მეტყველებს. ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში. ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან არც სიცოცხლის უფლების გათელვას, არც თავისუფლების დაკარგვას, არც ძალადობას და არც უსამართლობას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მან ისაუბრა პროტესტის ამგვარი შემართებითა და ფორმით გაგრძელების აუცილებლობაზე. ელენე ხოშტარია დაკავებულებსა და პროტესტის მონაწილეებს ქუჩაში ვერ უერთდება და პარლამენტის შენობიდან ამხნევებს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-8 დღეა შიმშილობს. 

ოპოზიციის მიერ სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციებზე 46 მოქალაქე დააკავეს. აქციები პარალელურად მიმდინარეობდა, პოლიცია მოქალაქეებს ისე აკავებდა, რომ მიზეზს არც კი ეუბნებოდა. 

აქციების დასრულების შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. აღსანიშნავია, თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ. 

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.


close დახურვა