logo
ENG



ხოშტარია: ვაფრთხილებთ ოცნებას - მოეშვას წინასწარ მანიპულირებული განწყობის შექმნას

31 ოქტ 202100:57
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის კოალიციური მთავრობა აცხადებს, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად ცდილობს განწყობების შექმნას, თითქოს ოპოზიციის კანდიდატები დამარცხდნენ. 

ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია არ აპირებს, დათმოს ამომრჩევლის ხმები. 

მისი განცხადებით, დამკვირვებლები გააგრძელებენ ბრძოლას საარჩევნო უბნებზე, სადაც ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების გაყალბებას ცდილობენ. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკია 1-2-3%-იან უპირატესობაზე, რაც, მთლიანობაში, მეტყველებს ქართული ოცნების აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე. ისინი თავისივე ტყუილებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს: ღამე ამ რიცხვების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს: გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, რომ თითქოს ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და კიდევ ერთხელ მიიტაცონ არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა - სამართლებრივი და სხვადასხვა გზით. 

ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას: მოეშვას წინასწარ მანიპულირებული განწყობის შექმნას. გავაგრძელოთ უბნებზე ბრძოლა. 

გლდანში, სადაც გვაქვს დიდი უპირატესობა, ცდილობენ სიტუაციის არევას. ასევეა სხვადასხვა ქალაქში. აბსურდულია იმაზე ლაპარაკი, რომ ქართულმა ოცნებამ ზუგდიდი, ბათუმი და სხვადასხვა ქალაქი მოიგო. ჩვენ არ ვაპირებით ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია შეძლებს, ასახოს ის შედეგები, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. 

"მინდა, ყველასთვის გასაგები იყოს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ ის, რომ ოპოზიციური პარტიები ვიღებთ მონაწილეობას პროცესში, რასაც საქართველოში ვეძახით არჩევნებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გვესმის,სინამდვილეში რა პროცესია ეს და არ გვესმის, რომ ეს არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მონაწილეობა მიგვეღო ამ ადგილობრივ არჩევნებში, ასევე მეორე ტურებში, ეს გადაწყვეტილება მივირეთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დემონსტრირება მოგვეხდინა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ მიუხედავად დაშინებისა, შანტაჟისა, მიუხედავად სუს-ის სიგიჟეებისა, მიუხედავად უზარმაზარი ფულისა, რომელზეც დგას ეს სისტემა, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მაინც შეგვწევს სისტემა, ეს სისტემა გავარღვიოთ. 

ახლა რასაც ქართული ოცნება აკეთებს, არის ის, შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დამთავრდა და გაიფორმეს გამარჯვება - არაფერი არ დამთავრებულა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც აღვწერე, ყველა უბანზე ჩვენი წარმომადგენლები იცავენ ხმებს. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დაიდოს ის შედეგები, რა შედეგებიც ასახავს ქართული ოცნების ნებას". - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

ხმაურია საოლქო საარჩევნო კომისიებშიც, სადაც ხმებს ითვლიან. 


close დახურვა