logo
ENG



ხოშტარია: თავდასხმებზე პასუხს არ გავცემ, არცერთ პარტიასთან კონფლიქტში არ შევალ

09 ივლ 202415:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/jscoq0zhywrvwey.jpg

პოლიტიკური გაერთიანება ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნოდ ერთიანდებიან. ამის შესახებ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოებას შესთავაზონ არჩევანი და ეს არჩევანი ერთობაა. 

"რუსული საფრთხის წინაშე ყველამ ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ჩააბარა წარმოუდგენელი ტესტი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, გაერთიანდა მთლიანად საზოგადოება და იბრძოლა იმისთვის და დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არ არის და არ იქნება რუსეთი და რომ ჩვენ ყველანაირი განსხვავება შეგვიძლია გადავდოთ მაშინ, როცა საქმე ეხება ქვეყნის გადარჩენას. დღეს ეს ტესტი უნდა ჩავაბაროთ პოლიტიკურმა სპექტრმა. მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, საზოგადოებამ იბრძოლა და მიაღწია წარმატებას, საზოგადოებას შევთავაზოთ არჩევანი. მესმის, რომ შეიძლება ყველას სიმპათია ყოველთვის ვერ იყოს დაკმაყოფილებული, მესმის განსხვავებების, ჩხუბის, ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას შევთავაზოთ არჩევანი და ეს არის ერთობა", - აღნიშნა ხოშტარიამ. 

მისივე თქმით, სხვა თავდასხმებს პასუხს არ გასცემს და არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან კონფლიქტში შესვლას არ აპირებს. 

"მინდა დავაფიქსირო პრინციპული და მყარი პოზიცია, რომ თავდაუსხმელობა არის არა რაღაც ზოგადი განცხადება, არამედ, ვინც არ უნდა დაგვესხას ჩვენ თავს, ვინც არ უნდა დამესხას მე თავს, პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. არც ნაციონალურ მოძრაობასთან არავითარ შემთხვევაში არანაირ კონფლიქტში არ შევალ, არცერთ პარტიასთან კონფლიქტში არ შევალ, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი საქმე და ამ საქმეს ვიწყებთ უკვე დღეიდან", - აღნიშნა ხოშტარიამ. 

 

 

close დახურვა