logo
ENG



ხოშტარია: თამლიანი სისტემის მძევალია

10 მარ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის საქმე დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო სხდომაზე, დაკავებულის მხარდასაჭერად, ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, თამლიანს ტყუილის თქმას თხოვენ.

„თამლიანი თვეების განმავლობაში სისტემის მძევალია. იმიტომ, რომ ღიად ამბობს, რომ არ აპირებს იმის აღიარებას რასაც თხოვენ, ტყუილის თქმას, რასაც თხოვენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი. იმედს ვიტოვებ, რომ იმ საერთო ნორმალიზაციის პროცესში, რომელიც გამოჩნდა, ხელისუფლება იპოვის ძალას, შეასრულოს შეთანხმებები და საერთოდ დავხუროთ პოლიტიკური დევნის ფურცელი“, - განაცხადა ხოშტარიამ.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი კი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება დაპირებას შეასრულებს და თამლიანს, სხვა პატიმრებთან ერთად გამოუშვებენ. 

„ის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ორიოდე დღის წინ შედგა დიპ. კორპუსის დახმარებით, პოზიტიური ნაბიჯი იქნა გადადგმული ხელისუფლების მხრიდან და არ მგონია  ამ ნაბიჯის შემდეგ - ოქრუაშვილი, უგულავა, თამლიანი და რურუა დარჩნენ პატიმრობაში“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თამლიანმა, მასთან ერთად დაკავებული სამი პირისგან განსხვავებით საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა და ის კვლავ პატიმრობაში რჩება.

ამავდროულად, 8 მარტს ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გაფორმებული მემორანდუმი, პოლიტიკური პატიმრების საკითხის მოგვარებასაც ითვალისწინებს.

 


close დახურვა