იქამდე სანამ „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი უგულავას დააკავებდნენ, ოპოზიციონერი ლიდერი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანაპარტიელებს დაემშვიდობა. „ევროპული საქართველოს" ოფისში იყვნენ შეკრებილები გაერთიანებული ოპოზიციის წევრებიც. ისინი უგულავას დაკავებას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ.
მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ოლიგარქი ოპოზიციის წევრების დაკავებით მათ დაშინებას ცდილობს.
„ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა რეპრესიები.ივანიშვილი, რომელიც ხედავს, რომ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ის დემოკრატიული პროცესით არ არის მზად, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში იცხოვროს განაცხადა, რომ ძალაუფლების მიტაცებისთვის იწყებს რეპრესიებს. მან მკაფიოდ თქვა ეს და დაიწყო რეპრესიები. ოქრუაშვილი ციხეშია, რურუა ციხეშია, ახლა უგულავა დააკავა, არ გამოვრიცხავ, კიდევ სხვები დააკავოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ივანიშვილს თავის დაცვის გარდა, არაფერი დარჩენია.
„ივანიშვილმა მოჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა. ის ცდილობს, რომ მის ხელთ არსებულ მჭიდში ოლიგარქიული ტყვია ესროლოს ოპოზიციურ ლიდერებს, მაგრამ ეს თავშივე განწირულია. ივანიშვილს სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ამ ფორმით თავი დაიცვას“, - აცხადებს მელია.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს.
ამავე თემაზე: კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.