მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტი მუდამ ირღვეოდა და ახლა მთავარი მიზანი თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს.
"ოცნება რომ გადამგდებია ახალი არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტს ერთი დღე არ უცოცხლია, სულ ირღვეოდა. ახალი ის არის, რომ ოცნება 43 პროცენტზე უარს ამბობს, რადგან იცის, ვერ აიღებს. ამიტომ მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი. გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე. სხვა შემთხვევაში გეზი დაანონსებულია ჩრდილოეთისკენ. პარტნიორებიც ჩვენი მოქმედების მიხედვით იმოქმედებენ და არა პირიქით", - აცხადებს ხოშტარია.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ლელოში კი არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ მზად არიან "პრინციპული გადაწყვეტილებისთვის", თუმცა მის შესახებ პარტნიორების განცხადების შემდეგ განაცხადებენ.