logo
ENG



ხოშტარია: მოქალაქეები ამბობენ, რომ მრიცხველს დაგვიანებით უმოწმებენ, რათა შეღავათი არ ერგოთ

23 დეკ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: მოქალაქეები ამბობენ, რომ მრიცხველს დაგვიანებით უმოწმებენ, რათა შეღავათი არ ერგოთ

ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ მოქალაქეების ნაწილს დენისა და ბუნებრივი აირის გადასახადი რამდენიმე დღით გვიან მისდით, რათა მთავრობის მიერ დადგენილ სუბსიდირების ფარგლებში ჩატევა ვერ მოახერხონ. 

ხოშტარია წერს, რომ მოქალაქეებმა ამ პრობლემის შესახებ ჯიქიას N8-ში კარდაკარის დროს შეატყობინეს. მისი თქმით, მოქალაქეები ამბობენ, რომ მრიცხველის შესამოწმებლად რამდენიმე დღით გვიან იმისთვის მოდიან, რომ მოქალაქეები 200 კუბურ მეტრიან ზღვარში ვერ ჩაეტიონ და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვა არა სახელმწიფოს, არამედ თავად მოუწიოთ. 

"შემმოწმებელი მოდის რამდენიმე დღით გვიან და არა ზუსტად ერთ თვეში და ოდნავ მეტიც რომ ეწერება, ცხადია, შეღავათი აღარ ეკუთვნით", - ამბობს ხოშტარია და ერთ-ერთი მოქალაქის გადასახადის სურათსაც ასაჯაროვებს

ხოშტარიას თქმით, სურათზე ჩანს, რომ მოქალაქეს გაზის გადასახადი ორი დღის დაგვიანებით აქვს მოსული, რის გამოც მისი მრიცხველი 200 კუბურ მეტრიან ზღვარს 8 კუბური მეტრით არის გადამცდარი. ამის გამო მოქალაქეს, თავად მოუწევს ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვა. 

"მეორე ოჯახს 40 თეთრით გადაუცდა დენზე ისიც დაგვიანებული შემოწმების გამო და ასევე ამოვარდა", - წერს ხოშტარია. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან.

 

 


close დახურვა