პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერი აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ იცავს სახელმწიფოს ღირსებას და ქვეყანას "რუსეთის უკანა ეზოდ" აქცევს.
ელენე ხოშტარიას თქმით, სახელმწიფოებრიობისა და მისი დაცვის ვალდებულება ახლა მოქალაქეებზეა გადასული.
„მთავრობას თავხედობა, რომ არ გვაინტერესებს მოქალაქეების შეურაცხყოფა, რომ, როცა მინდა ჩაგკეტავთ და აქ ვასეირნებ ადამიანს, ვინცაა სახე საბჭოური პროპაგანდის, ეს არ გამოუვიდათ. პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთია თუ ვინმე დაჩაგრეს, სოციალური მოუსხნეს. ახლა მიდის ჭიდილი, რა ტიპის სახელმწიფო ვიქნებით. ოცნებას მიტაცებული აქვს სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტები და ცდილობს ჩვენგან ჩამოაყალიბოს უკანა ეზო რუსეთის, სადაც შეგიძლია სახელმწიფოს მიაყენო შეურაცხყოფა და შემდეგ ჩახვიდე, დათვრე. ამ მხრივ მოქალაქეებმა დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება", - განაცხადა ხოშტარიამ.
რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი აირზენას ჩარტერული რეისით, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა.
იგი, მის დელეგაციასთან ერთად სასტუმრო რუმსში მივიდა, შემდეგ კი კომენდანტის საათის დროს, 21 საათის შემდეგ, რეგულაციების დარღვევით, რესტორან ვინოტელში ავტობუსით გადავიდა. ისინი თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდნენ.
ქართველი აქტივისტები ვლადიმირ პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ, როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა და აკრძალვის მიუხედავად, ღამის საათებში რესტორანში ვახშმობა.
ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.
პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, აშშ-ს მოქალაქეა და არაერთხელ ყოფილა საქართველოში.
სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს და სასტუმრო რუმსში დაბრუნდნენ, სადაც აქციამაც გადაინაცვლა.
აქტივისტებმა სასტუმრო რუმსის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს და მოითხოვეს, რუსულ დელეგაციას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო.
პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო გამთენიისას, 6 საათზე დატოვეს და აირზენას ჩარტერული რეისით თბილისიდან უკვე რუსეთში გაბრუნდნენ.
სასტუმროს კარიდან ავტობუსის შესასვლელამდე ისინი პოლიციის კორდონითა და აქტივისტების შეძახილების ფონზე შევიდნენ.
შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, ვინოტელი 10 000 ლარით დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი და 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს, დანარჩენ 9 პირს კი იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".