მოძრაობა დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა.
ხოშტარია მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანიას და ამბობს, ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით.
"საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა. ტელეკომპანია ფორმულას მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდგებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, ახალისებს მსგავს თავდასხმებს. ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას. სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს", - აცხადებს ხოშტარია.
ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.