„გირჩის“ ოფისში ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიაში „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“, „სამოქალაქო მოძრაობის“, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ წევრები მონაწილეობდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის განვითარების გეგმაზე იმსჯელეს.
შეხვედრა გირჩის „ფეისბუქ“ გვერდით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ოპოზიციის შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის", „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს" წარმომადგენლები. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ დაესწრნენ და ოპოზიციის ერთობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, კონსულტაციებში მონაწილე ყველა ძალას აქვს მართლმსაჯულების არსებული სისტემის შეცვლის სურვილი.
„ვინც იყო ყველა ამ პარტიის ინიციატივაა. შეიძლება, ჩვენ დავიწყეთ ამაზე პირველებმა საუბარი, თუმცა, პირველი კონსულტაციიდანვე ძალიან ჩანდა, რომ ყველას ცალსახად ჰქონდა ერთი პოზიცია, რომ საბჭოთა მართლმსაჯულებისა და ძალოვანი სისტემა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და რომელიც ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემაა და რომლის შეცვლის გარეშეც არაფერზე საუბარს აქვს აზრი, ეს სისტემაა შესაცვლელი“, - აცხადებს ჯაფარიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საზოგადოებას კონკრეტულ ცვლილებებს სთავაზობს.
„ოპოზიცია არა მარტო ბიძინა ივანიშვილის წასვლაზე მუშაობს, არამედ საზოგადოებას კონკრეტულ ცვლილებებს სთავაზობს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შეთავაზებებში არის სისტემის ნგრევის, საბჭოთა დანატოვრის ნგრევის ძალიან საინტერესო იდეები“, - განაცხადა ხოშტარიამ.
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წევრები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციის თავიდან არიდებაზე საუბრობდნენ.
„მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ კარგად იცოდეს როგორი კანონმდებლობა და პოლიტიკური თამაშის წესები იქნება, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. ჩვენ ქვეყანას მძიმე გამოცდილება აქვს, რომ ყოველივე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რაღაც გარკვეული ეტაპის გავლის შემდგომ მიდიოდა ხელისუფლების უზურპაცია. მიდიოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმაზე თუ როგორ უნდა ავიცილოთ, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაცია ქვეყანაში“, - განაცხადა ბიწაძემ.