"პირობას ვდებ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძოდა თავისი ჯანმრთელობის ფასად, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში აღარ იქნება ერთპარტიული და თავგასული მმართველობა", - ამის შესახებ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ რეგიონებში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გასული წელი საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ამავე დროს, საზოგადოებისა და ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად, მმართველ გუნდს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება მოუწია.
"ეს წელი იყო საკმაოდ მძიმე ქვეყნისთვის. უამრავი ადამიანი დაზარალდა, ახალგაზრდებმა დაკარგეს თვალები. ამასთანავე, ამ წელს ჩვენ გავიმარჯვეთ ბიძინა ივანიშვილზე და გამოვგლიჯეთ პროპორციული სისტემა. ეს სისტემა არის მნიშვნელოვანი არა პარტიებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, არამედ ხალხისთვის, რომელმაც უნდა დახუროს ის გვერდი, როდესაც ერთი ადამიანი ერთი პარტია ან ერთი გუნდი აზის თავზე მოსახლეობას. ჩვენ უნდა დავხუროთ ის გვერდი, როდესაც ერთპარტიული მმართველობა გვაძლევს თავგასულ ხელისუფლებას, თავგასულ ძალაუფლებას, ანგარიშვალდებულს არა ხალხის, არამედ ერთი პიროვნების წინაშე.
სწორედ ამიტომ, მე პირობას ვდებ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძოდა თავისი ჯანმრთელობის ფასად, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში აღარ იქნება ერთპარტიული და თავგასული მმართველობა. საქართველოში იქნება თავისუფალი სასამართლო, დაცული იქნება ადამიანის უფლებები და საქართველოში იქნება კეთილდღეობა. წინ რეალური გამარჯვებისკენ ოქტომბერში!“, - მიმართა მხარდამჭერებს ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, ევროპულმა საქართველომ საქართველოს რეგიონების 14 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატთა სია იხილეთ აქ.