"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის დასჯით არაა დაინტერესებული.
„ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები ოთხოზორია-ტატუნაშვილზე. რატო ვამბობ, რომ მე თქვენგან ამაზე პასუხს არ ველი. იმიტომ, რომ პასუხი უკვე გაცემულია. სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რომ რუსეთი დაისაჯოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის გამო. მუხთალიზე პასუხი გაცემულია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გამოძიება კი არ მიმდინარეობს, დანაშაული ჩადენილია სახელმწიფოს მხრიდან და ამას თქვენ არ გამოიძიებთ," - განაცხადა ხოშტარიამ.
ხოშტარია ბორდერიზაციის პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სუს-ი ადგილობრივი სოფლის მოსახლეობას აშინებს.
„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ხელისუფლებას არ ვაბრალებ ბორდერიზაციის პროცესს. კარგად გვესმის რა არის რუსეთი და ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ეგეთ ბერკეტებს იყენებს. თუმცა, ისე ხდება ბორდერიზაცია, რომ კაციშვილს ვერ იპოვი იქ ჩასულს. ვიყავი ახალუბანში ჩასული და ვერც ერთი პოლიციელი ვნახე. ერთადერთი საუბარში მოვისმინე, როგორ აშინებს სუს-ი იქაურებს, რომ ტელევიზიებს კომენტარი არ მისცეს," - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს, გრიგოლ ლილუაშილს უსმენენ.