logo
ENG



ხოშტარია გომურის დაზარალებულად ცნობაზე:თადუმაძე უბრალოდ ტყუოდა, რაც დადასტურდა

12 ნოე 201912:07
3 წუთის საკითხავი
 
26uh84b676wuoqg.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, პროკურატურის მიერ 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომურისა და კიდევ ორი პირის დაზარალებულად ცნობის საკითხს აფასებს და გენერალურ პროკურორს ტყუილში ადანაშაულებს.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მინიმალური რაოდენობა იყოს აღიარებული დაზარალებულად, რადგან ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას სურთ, ეს ღამე იყოს არა დარბევის, არამედ, ძალადობის მოგერიების ღამე.

“თადუმაძე უბრალოდ ტყუოდა, როცა თქვა, დაზარალებულად ცნობისთვის საკანონმდებლო ბარიერი არსებობდა, რაც ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხელისუფლება ისევ იგივე პოლიტიკას აგრძელებს. მას უნდა, რომ მინიმალური რაოდენობა იყოს აღიარებული დაზარალებულად. არ ცნეს, სულაშვილი, რომელმაც ასევე დაკარგა თვალი, კობა ლეთოდია, რომელსაც ორივე თვალში არ აქვს მხედველობა, ბევრი სხვა ჟურნალისტები და მოქალაქეები. გომურის დაზარალებულად ცნობა იყო იძულებითი ნაბიჯი, მინიმალურ რაოდენობას ტოვებენ,  რადგან ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას უნდათ, რომ ეს ღამე იყო არა დარბევის, არამედ, ვითომ რაღაც ძალადობის მოგერიების ღამე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კი თვლის, რომ პროკურატურამ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო.

„რატომ არის მაკო გომური დაზარალებული და რატომ არ არის სხვა? ან აქამდე რატომ არ იყვნენ დაზარალებულები? გამოდის, რომ გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე. ახლა ვინმე კომკავშირელი გამოვა და იტყვის, "რა გინდათ ხალხნო, ხომ მივანიჭეთ სტატუსი." ამის გამო უნდა იყოს საზოგადოება მადლიერი, ამას ითხოვენ საზოგადოებისგან. ეს არის უხერხემლო, უპრინციპო პოლიტიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ კანონი გამოიყენონ ისე, როგორც მათ უნდათ“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ხუთთვიანი კვლევის შემდეგ ცნო.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსის მისაღებად გომურმა სასამართლოსაც მიმართა, თუმცა მან უარი მიიღო.

ცნობისთვის, პროკურატურამ პირველ მოთხოვნაზე, გომურს უარი უათხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, მთავარმა პროკურორმა კი განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, ეს შეუძლებელი იყო. 

 


close დახურვა