პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ "ადამიანურად მოიკითხა" და შეთანხმდნენ, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იქნება.
"რა თქმა უნდა, მას გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა. შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი მაინც რჩება, სახეზეა. ამ თემის გადაჭრაზე საუბარი არ გვქონია", - თქვა ხოშტარიამ კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.
კახა კუჭავას თქმით, დროას ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად და მოსანახულებლად მივიდა.
"უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველა პირობა. აქ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. მაინტერესებდა აკლდა თუ არა პირობები ან ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი, ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება", - ამბობს კუჭავა.
ელენე ხოშტარია მესამე დღეა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტs, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.