დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახს და ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დასაცავად ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღებს.
"მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ან მისი პარტიის საკითხი. მე არ ვარ მისი პარტიის წევრი, აღარ მოვყვები ჩვენს განსხვავებულ ურთიერთობებს, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც უყურებს რუსეთის პუტინის თავდასხმას და აგრესიას თავისუფალ უკრაინაზე, რომელსაც ახსოვს ამ დიდი ბოროტების თავდასხმა საქართველოზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. უმოქმედობა და ჩუმად ყოფნა ნამდვილად არ შემიძლია. ამიტომ, მე ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მის ოჯახს, მის პარტიას ამ საკითხში და მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში. რა თქმა უნდა, უმოქმედობის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ.
ერთხელ გადავდგი ძალიან რადიკალური ნაბიჯი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს არ ყოფილა ემოციური, ან სიტუაციური, ეს იყო იმ პრინციპის დაცვის აუცილებლობა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ზოგადად, ადამიანობას სჭირდება, პირველ რიგში. ამიტომ, მე არ ვაპირებ არც გაჩუმებას არც გაჩერებას და ჩავერთვები აბსოლუტურად ყველა მოქმედებაში, მისი უფლებების დასაცავად"- ამბობს ხოშტარია.
დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა მასშტაბური აქციები დაანონსეს.
დღესვე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".
ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.