logo
ENG



ხოშტარია საერთო მაჟორიტარებზე: მოლაპარაკებები მიმდინარეობს წარმატებულად

17 ივნ 202016:17
3 წუთის საკითხავი
 

„გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა  2 დღეში გაირკვევა.  ოპოზიციის თქმით,  კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა კონკრეტულ პირებს გაერთიანებაში არ ასახელებენ. „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს იყრის თუ არა კენჭს ვაკის რაიონში, მისი თქმით არ აქვს  უფლება ოპოზიციონერ კოლეგებთან შეთანხმების გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებებზე ისაუბროს, თუმცა ცნობილია „გირჩის“ წევრის ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია რომელიც აცხადებს რომ მონაწილეობას თბილისში მაჟორიტარულ არჩევნებში არ მიიღებს.

„ახალ საქართველოში" აცხადებენ, რომ თბილისის ოლქებზე გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულია და ის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ეს უკვე გადაწყვეტილია, პარასკევს შევიკრიბებით და ერთად მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. შევხედოთ, მე ვაკეში კენჭი არ მიყრია - შევხედოთ, ვნახოთ. მე არ მაქვს უფლება ოპოზიციონერ კოლეგებთან შეთანხმების გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებებზე ვისაუბრო", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას სრული ოპოზიციური სპექტრი ერთად აცნობებს საზოგადოებას.

„ამ გადაწყვეტილებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს წარმატებულად, ამ გადაწყვეტილებას, ყველა ჩემი კოლეგის პატივისცემიდან გამომდინარე, საზოგადოებას გავაცნობთ ყველა ერთად", - ამბობს ხოშტარია.

მაჟორიტარული კანდიდატობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა ზურაბ ჯაფარიძემ - მისი თქმით, „გირჩი" მიესალმება ოპოზიციის ერთობას.

„გირჩი" არ იღებს მონაწილეობას მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში თბილისში ცალსახად. თუმცა, ნებისმიერ ერთიან გადაწყვეტილებას მივესალმებით", - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ოლქებზე ოპოზიცია მას შემდეგ იმსჯელებს, რაც თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები გახდება ცნობილი - მათი დიდი ნაწილის თქმით, რეგიონებზე შეთანხმება ვერ შედგება.


close დახურვა