logo
ENG



ხოშტარიას ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაზე პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო

31 აგვ 202015:07
3 წუთის საკითხავი
 
r0hc8zlpttspipd.jpeg

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხზე პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა. 

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს უთხრა, საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ აუდიტის სამსახურს მიმართა. 

"თითქოს ეს არის ჩვეულებრივი საქმე, სადაც უნდა გაერკვიონ ფინანსური საკითხების სისწორესა და გამჭვირვალობაში... კიდევ ერთხელ მივმართავ სუს-ს, პროკურატურას, ყველა იმ უწყებას, რომესაც ევალება, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები დაიცვან რუსული, მტრული პოლიტიკისგან - სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს, გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და არ მისცენ რუსეთს საშუალება, ასე ღიად ჩაერიონ ჩვენს წინასაარჩევნო პერიოში. ამ შემთხვევაში, მთლიანი პასუხისმგებლობა, რუსული ინტერესების გატარებისა საქართველოში, ეკისრება ქართულ ოცნებას", - თქვა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 25 აგვისტოს მიმართა. ხოშტარიას მოთხოვნა ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი აფინანსებს. 

ცენტრმა "დოსიემ" 24 აგვისტოს მასალები გამოაქვეყნა. ამ მასალების მიხედვით, კრემლი პატრიოტთა ალიანსს 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო საგამოძიებო სტატიის ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ორ ამერიკულ, ორ ებრაულ და ერთ რუსულ კომპანიასთან. 


close დახურვა