logo
ENG



ხუნდაძე პანსიონზე: ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ ინტერესს დააზიანებს

04 ივნ 202115:04
3 წუთის საკითხავი
 
ხუნდაძე პანსიონზე: ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა ზრუნვა მათ ინტერესს დააზიანებს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ნინოწმინდას პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა "ზრუნვა" მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს".

ხუნდაძის თქმით, "ბავშვებზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება აქვთ".

"ნინოწმინდის პანსიონში სოც.მუშაკების და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ამ მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საზედამხედველო ფუნქციას უწყვეტად შეასრულებს. თუმცა ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მონიტორინგს არ ანაცვლებს.

ვფიქრობ, ყველა ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მომავალი აინტერესებს, საკითხის შესწავლას ხელს  შეუწყობს და მომავალი თაობის ბედით მინიმუმ არ "ითამაშებს", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე. 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა მოითხოვეს.  


close დახურვა