logo
ENG



ხუნდაძის ოფისის დაბოქლომების მცდელობისას ორი პირი დააკავეს

22 ნოე 201914:02
3 წუთის საკითხავი
 
o168h9zhau3lrd2.jpg

დაკავებით დასრულდა მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისის კარის დაბოქლომების მცდელობა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს, რომლებიც დეპუტატის ოფისთან შეიკრიბნენ და ბოქლომის დადება სცადეს, ადგილზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა. მაჟორიტარის ოფისთან მობილიზებული იყო პოლიციაც. სამართალდამცავებმა დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავეს - ორივე აქციის მონაწილეა. 

რამდენიმე წუთის წინ, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს ერთ-ერთი დაკავებული პარტია „ევროპული საქართველოს" პრესსამსხურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე. სამართალდამცავები მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. იგივეს ედავებიან მეორე დაკავებულსც.

„სტიკერს ვაკრავდით მე და ირმა ნადირაშვილი. მოყვანილმა მხარდამჭერმა სტიკერი წაართვა ქალბატონ ირმა ნადირაშვილს და მე დანარჩენი სტიკერები წამართვა, რაზეც, ბუნებრივია, მქონდა რეაქცია. გავბრაზდი, ხელიდან წავართვი სტიკერი და ვუთხარი, მაგრამ თქმის იქით არ გასულა. შემდეგ იყო ბრბოს ტურბულენტობა და ჩემი იქიდან გათრევა. მე მივიწევდი პოლიციისკენ და როცა მეგონა მარიდებდნენ, დამაკავეს და მომიყვანეს აქ," - განაცხადა დიასამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აქციაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან იმყოფებოდნენ მცხეთის მერი და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ განაცხადა, ის გარეთ გამოვიდა, რადგან აქციის მოანწილეებმა კარი არ დააბოქლომონ.

„გარეთ იმიტომ გამოვედი, რომ არ დააბოქლომონ კარი და მიღების საათებია და მოსახლეობას შეეძლოს შიგნით შემოსვლა", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატია და ის ერთ-ერთია, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. „ევროპული საქართველოს“ წევრები და საქმოქალაქო აქტივისტები დღეს აქცია-პერფომანსებს აწყობენ და თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებისთვის ბოქლომების დადებას ცდილობენ.


close დახურვა