გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გაბმა განაახლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხურვალეთის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის უკანონო გავლების პროცესი სხვადასხვა ინტესივობით ხდება. უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის 12-23 ნოემბრის პერიოდში დაფიქსირდა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ფეისბუქზე წერს, რომ სამუშაოები დათა პაპას სახლის მიმდებარედ განახლდა.
სუს-ის განცხადებითვე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოცემულ მონაკვეთზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი "განსაკუთრებული სიმწვავით" დააყენეს 18 ნოემბერს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე (IPRM).
ასევე, მათი თქმით, უკანონო ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.