logo
ENG



ხუხაშვილი პოლიტპატიმრებზე: როდესაც მიზანი დიდია, ცოტა ხანს ციხეში ყოფნა უნდა შეგეძლოს

09 მარ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს, მათი  საპატიმროებიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგა. ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების განცხადებით, თუკი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულმა ადამიანებმა მემორანდუმის თანახმად, საპატიმროები უნდა დატოვონ,  ხელისუფლების არ აღიარების მიუხედავად, ეს მაინც ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის დადასტურებაა.

როგორც უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, გიგი უგულავაზე აუცილებლად უნდა გავრცელდეს შეთანხმების ნაწილი და გაათავისუფლონ პატიმრობიდან.

„ის, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია, ამას ხელისუფლების გარდა, ყველა ეთანხმება. ფაქტები მეტყველებენ, რომ უგულავა პოლიტიკური პატიმარია. როდესაც საუბარია შეთანხმებაზე და შეთანხმება თუ მოიცავს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, გიგის საქმე ამის მკაფიო მაგალითია ა მასზე აუცილებლად უნდა გავრცელდეს შეთანხმების პირობები“, - განაცხადა ბასილაიამ.

ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი კი ამბობს, რომ მისი კლიენტის სასამართლოზე გამოჩნდება რამდენად ასრულებს ხელისუფლება დანაპირებს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მეშვეობითაც მიღწეულ იქნა ეს შედეგი და მოხდა შეთანხმება, რომლის ნაწილი იყო პოლიტპატიმართა საკითხი. ამ შემთხვევაში წარმოვადგენ თამლიანის ინტერესებს და მის პროცესზე გამოჩნდება რამდენად დაიცავს იმ დანაპირებს, რაც მან გასცა“, - განაცხადა იოსელიანმა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ამჟამად დაკავებულები პოლიტპატიმრად აღიარონ.

„შეწყალება არ ნიშნავს ამ ადმამიანების პოლიტპატიმრად აღიარებას. კარგი იქნება ესეთი ნაბიჯი გადაიდგეს. რომ არ გადაიდგეს ვნახეთ უგულავასა და რურუას წერილებში, რომ ისინი არ თვლიან ამას მთავარ საკითხად. ციხეში გატარებული ყოველი დღე მძიმეა, მაგრამ როდესაც მიზანი არის დიდი, ცოტა ხანს ციხეში გატარება უნდა შეგეძლოს“, - აცხადებს ხუხაშვილი. 

 


close დახურვა