logo
ENG



ჯავახიშვილი: დაზიანდა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ეს არ აღდგება უახლოეს მომავალში

08 ოქტ 202400:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/08/3ic2wg5zxc35d8g.png

საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ყოფილი ელჩის, დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დასავლელ პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებთან "საერთო ენის გამონახვა" ვერ მოახერხა და თავისივე არჩეული რიტორიკით "ეს ყველაფერი შორს წაიყვანა".

გადაცემაში მარტივი ფორმულა ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველაზე მეტად დაზიანდა და გაფუჭდა ნდობა, რომელიც მისივე თქმით, "არ აღდგება უახლოეს მომავალში".

"ჩვენ ვერ მოვახერხეთ მეგობრებთან სასაუბრო ენის გამონახვა, თუნდაც ყველაზე რთულ საკითხებზე. მე არ მქონია პრობლემა, როგორც ელჩს, რომ არგუმენტები მომეყვანა, რატომ ფრთხილობს ჩემი მთავრობა რუსეთთან მიმართებით, უკრაინის ომთან, მაგრამ ძალიან შორს წავიდა ეს ყველაფერი და შორს წაიყვანა ამ რიტორიკამ, რომელიც რატომღაც ჩვენ ავირჩიეთ. თითქოს, მეჩვენება, რომ თავიდანვე იყო განსაზღვრული, თითქოს სპეციალურად იყო გათვლილი იმაზე, რომ ჩვენ დასავლურ სამყაროს ვუთხარით, რომ "ჩვენ ამაყი ერი ვართ", ეს არაფერ შუაშია, რომ ამაყი ერი ვართ და არავის არაფერს დავუთმობთ...

გაფუჭდა და ყველაზე მეტად დაზიანდა ნდობა ჩვენი ხელისუფლების ნების და განზრახვის გულწრფელობაში, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროპული და დასავლური ცივილიზაციის ღირსებული წევრები ვიყოთ და ეს ნდობა არ აღდგება უახლოეს მომავალში. ამას სჭირდება დიდი დრო და ვშიშობ, რომ ჩემმა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალმა დიპლომატებმა მიაღწიეს წლების განმავლობაში, მათ შორის ყველა მთავრობის დიდი შრომით, რომელიც ევროპულ გზას აშენებდა, ვშიშობ, რომ ეს წყალში იყრება, ან ძალიან დიდი ხნით ზიანდება"- განაცხადა ჯავახიშვილმა.

***

გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობა 2024 წლის 24 მაისს  რუსული კანონის ინიცირების მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა.


close დახურვა