ჯანდაცვის სამინისტრო ოკუპირებული გალიდან ანაკლიაში გადმოყვანილი ქალის საკარანტინე სივრცეში გარდაცვალებაზე განმარტავს, რომ მისი მდგომარეობა "დამაკმაყოფილებელი" იყო და ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა.
უწყების ცნობით, შუახნის ქალი 16 მარტს გადმოიყვანეს ოკუპირებული ტერიტორიიდან.
"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი", - განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში გამოიძაზეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
ანაკლია-განმუხურის კოვიდსასტუმროში გალიდან გადმოყვანილი პაციენტი 16 მარტს გარდაიცვალა.
ადგილობრივი გამოცემა ლაივპრესის ცნობით, გარდაცვლილი 63 წლის ქალია, რომელსაც თავდაპირველი ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.