იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამავე საბჭოს წევრის ლევან გზირიშვილის შვილის მოსამართლედ დანიშვნა "კლანის" მიმართ ლოიალური დამოკიდებულების შედეგია.
როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ლევან გზირიშვილი კლანურ მმართველობას არასდროს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ "კლანმა" ჯილდოს სახით მისი შვილი ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლედ დანიშნა.
"ლევან გზირიშვილი ეწეოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც იყო დაკავშირებული კლანის მიმართ ლოიალობასთან. ის არასდროს ეწინააღმდეგებოდა კლანურ მმართველობას, რომელიც სასამართლო სისტემაშია გამჯდარი. ამის დასტური არის გზირიშვილის შვილი, რომელიც საჩუქრის სახით გახდა მოსამართლე, მამამისის საქმიანობის გამო დააჯილდოვეს. ის დღეს გახდა მოსამართლე 3 წლის ვადით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ძირფესვიანად არ შეიცვლება რაიმე სასამართლოში, გახდება უვადო მოსამართლე", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ახალგაზრდებს მომავალი არ აქვთ, თუ საჯარო უწყებაში ნათესავები ან ახლობლები არ ეყოლებათ.
"ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელ საქართველოში შესაძლებელია, მამამ შვილი მოსამართლის თანამდებობაზე დაანიშნინოს. ეს უსპობს მომავალს ახალგაზრდა თაობას და ყველა ჩვენთაგანს. გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ როცა სასამართლოში მოსამართლედ ადამიანი ინიშნება მამის დახმარებით, იმ ქვეყანაში რაიმე პერსპექტივის მოლოდინი ძნელია გქონდეს.
ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს მომავალი არ აქვთ, თუკი მათ არ ჰყავთ ნათესავები, ახლობლები რომელიმე საჯარო უწყებაში იმისთვის, რომ მათ კარიერა გაიკეთონ თავისი პროფესიონალიზმის მიხედვით. გზირიშვილის შვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის ამის დასტური. ეს არის ძალიან ცუდი მაგალით საჯარო უწყებებში მყოფი ყოველი ადამიანისთვის", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს წევრის ლევან გზირიშვილის შვილი, ასევე მოსამართლე ლევან მურუსიძის თანაშემწე მოსამართლეებად დაინიშნენ. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.
ალექსანდრე გზირიშვილი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო სალომე სამხარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში.