იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში საბჭოს წევრი სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
როგორც ჯანეზაშვილმა ფორმულას უთხრა, კანონპროექტის ავტორი ირაკლი კობახიძეა, იდეა კი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა მიაწოდა.
ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტს მის გასაჩუმებლად იღებენ. მისი თქმით, სხდომაზე გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ პარლამენტს მან შესთავაზა ეს იდეა, იმიტომ, რომ "საბჭოს წევრია ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ღიად საუბრობს და ყველაფერზე ლაპარაკობს".
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის შესახებ გუშინ შეიტყო, პროექტი პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული არ არის და მას საბჭომ მიაწოდა.