logo
ENG



ჯანეზაშვილი ანა დოლიძეზე: არ შეიძლება, იუსტიციის საბჭოს წევრი ამავე დროს პოლიტიკოსი იყოს

17 ივნ 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას არასამთავრობო სექტორის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი  ნაზი ჯანეზაშვილიც აკრიტიკებს. ის დოლიძეს  არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი იყოს და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდეს.

ჯანეზაშვილის განმარტებით, საბჭოს წევრს პარალელურად მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის უფლება აქვს.

„არჩევანს თუკი აკეთებ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მაშინ იუსტიციის საბჭოს წევრობა ამასთან არის შეუთავსებელი. რაც არ უნდა ფართოდ წაიკითხოს ვინმემ კანონი და რაც არ უნდა ზოგადად მიუდგეს ამ საკითხს, ეს არის ერთადერთი სიმართლე - არ შეიძლება საბჭოს წევრი ამავე დროს იყოს პოლიტიკოსი. ფაქტია, რომ რაღაც ტიპის დაფინანსება მის ორგანიზაციას აქვს და ეს არის ალბათ საკმაოდ სოლიდური, ვინაიდან ოფისის ქირაობას, ადამიანების დაქირავებას სჭირდება ფული. მან ამ კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი - საიდან აქვს ფული არამოსამართლე წევრს და ხომ არ იღებს ასევე ანაზღაურებას, რადგან იმ ორგანიზაციის ფინანსურ მატერიალურ რესურსებს თვითონ განაგებს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.


close დახურვა