logo
ENG



ჯანეზაშვილი უვადოდ დანიშნულ ორი მოსამართლის ე.წ. კლანთან კავშირებზე საუბრობს

22 მაი 202417:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/zor25r362m7c07t.png

სასამართლო გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი უვადოდ დანიშნულ რამდენიმე მოსამართლეზე და ე.წ. სასამართლო კლანთან მათ კავშირებზე საუბრობს. 

ჯანეზაშვილის თქმით, ალექსანდრე გზირიშვილი რამდენიმე წლის წინ მოსამართლე იმ მიზეზით გახდა, რომ მისი მამა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ასევე, ჯანეზაშვილი საუბრობს უვადოდ დანიშნულ კიდევ ერთ მოსამართლე სალომე სამხარაძეზე და აღნიშნავს, რომ ის აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თანაშემწე იყო. 

ჯანეზაშვილი მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკადრო პოლიტიკა წლების განმავლობაში იმ ადამიანებსა და მოსამართლეებზე დგას,  რომლებიც მათი წრიდან არიან და ე.წ. კლანთან აქვთ კავშირები. 

"ამ სიაშიც, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები არიან საკმაოდ მრავლად. ერთ-ერთი გახლავთ ალექსანდრე გზირიშვილი, რომელიც 3 წლის წინ სწორედ იმიტომ გახდა მოსამართლე, რომ მისი მამა იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და მამის დახმარებით დაინიშნა ეს ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე. დღეს უკვე არის უვადო მოსამართლე და რა თქმა უნდა, მისი გარანტიების კუთხით არის უკვე ძალიან მაღალი. სალომე სამხარაძე, რომელიც ასევე იყო მურუსიძის თანაშემწე. მას ჰქონდა დიდი ხნის გამოცდილება მასთან თანამშრომლობის და ნდობით სარგებლობდა, როგორც ჩანს, ამ ჯგუფის. შესაბამისად, ეს ადამიანები იმიტომ ხდებიან მოსამართლეები, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი ასრულებენ შესაბამის დავალებებს", - აცხადებს ჯანეზაშვილი. 

სოციალური სამართლიანობის ცენტის წარმომადგენელი, გურო იმნაძე საუბრობს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა ახალი კადრებისა და კრიტიკული აზრისთვის ღია არ არის. 

"როგორც წესი, გავლენიან ჯგუფთან დაკავშირებული, ან მათ მიმართ აშკარად ლოიალური ინდივიდები ინიშნებიან ხოლმე მოსამართლეების პოზიციებზე", - აღნიშნავს იმნაძე. 

უვადოდ დანიშნული ალექსანდრე გზირიშვილი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში კლანთან კავშირებს უარყოფს და "ფანტაზიებს" უწოდებს. 

"ვერ შევძლებ თქვენს ფანტაზიებს დავეწიო. მე ამჟამად არავითარი კავშირი არ მაქვს არანაირ კლანთან და არც მქონია არასდროს. შეგიძლიათ მიუშვათ და მისცეთ თქვენს ფანტაზიას გასაქანი", - ამბობს გზირიშვილი. 

***

2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ. ინფორმაცია სასამართლო გუშაგმა გაავრცელა. 

21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

 


close დახურვა